ა) PS5-ს ისევე როგორც ყველა ტიპის ტექნიკას, რომელსაც აქვს ქულერიანი გაგრილების სისტემა, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ჩაუტარდეს ტექნიკური წმენდა. რაც არ გულისხმობს მხოლოდ მტვრისგან გასუფთავებას. აუცილებელია თხევადი მეტალის და თერმო წებოების შეცვლა.
შეიძლება მოსმენილი გქონდეთ მითი - "თხევად მეტალს არ სჭირდება შეცვლა" - მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თხევადი მეტალი იმის გამოა გამოყენებული PS5-ში რომ აქვს ტემპერატურის ბევრად მაღალი გამტარობა ვიდრე თერმო პასტას. მაგალითისთვის ერთ-ერთ საუკეთესო თერმო პასტას აქვს 14.2 W/mk, ხოლო თხევად მეტალს - 73W/mk, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს რომ თხევად მეტალს არ აქვს ცვეთა და არ საჭიროებს შეცვლას.
რაც შეეხება თერმო წებოებს: ამ მხრივ კიდევ უფრო ცუდად არის საქმე. თერმო წებოები გამოიყენება ხაოიან ზედაპირებზე. რომლებზეც მწარმოებელი ვერ აყენებს ტემპერატურის სენსორს. მაგალითად: ოპერატიული ან SSD მეხსიერების ჩიპებს სულ რომ ცეცხლი მოეკიდოს PS5 ვერ გაიგებს და არ დაქოქავს ქულერს მათ გასაგრილებლად. კარგი ხარისხის თერმო წებო საკმაოდ ძვირი ღირს და თან მხოლოდ თხევადი მეტალის შეცვლითაც ჩუმდება PS5 - ამის გამო ჩამოყალიბდა მეორე მითი "თერმო წებოებს და თერმო ბალიშებს არ სჭირდება შეცვლა" - სინამდვილეში თერმო ბალიშებიც და თერმო წებოებიც ერთჯერადია და სულ რომ 2 დღე ჰქონდეს ნამუშევარი გაგრილების ყოველი დაშლისას თავიდან უნდა შეიცვალოს.
იმის გამო რომ გარემო პირობები სხვადასხვაა PS5 შეიძლება გასაწმენდი გახდეს ერთ წელზე მოკლე პერიოდში, ან გაძლოს უფრო დიდხანს.
ბ) როგორ გავიგოთ PS5 გასაწმენდია თუ არა: სტანდარტულად თამაშში გრაფიკების ჩატვირთვისას PS5 ცხელდება, ამ დროს ქულერის ბრუნი იმატებს და ხმაურობს კიდეც, როგორც კი გააგრილებს პროცესორს ბრუნი ისევ იკლებს და ხმაურიც მცირდება.
როდესაც თამაშის დროს ქულერი იწყებს მაღალ ბრუნზე მუშაობას (ღმუის) და აღარ წყნარდება ეს უკვე ნიშნავს რომ ქულერი ვეღარ ახერხებს პროცესორი(APU)ს გაგრილებას და ტექნიკური წმენდა (მტვრის გაცლა, თხევადი მეტალის და თერმო წებოების შეცვლა) სჭირდება.
გ) თუ ერთხელ მაინც გამოიტანა შეტყობინება:
„PS5 ძალიან ცხელია. გამორთეთ თქვენი PS5 და დაელოდეთ სანამ ტემპერატურა დაიწევს“
„PS5 is too hot. Turn off your PS5, and wait until the temperature goes down“
„PS5 слишком горячая. Выключите PS5 и подождите, пока температура не снизится“
ეს უკვე განგაშის ზარია, ამის შემდეგ თამაში და დატვირთვა აღარ შეიძლება, აუცილებელია მიაკითხოთ სერვის ცენტრს.
დ) სახლის პირობებში მოვლისთვის კარგი იქნება თუ პერიოდულად მტვერსასრუტით (და არა ფენით ან ჰაერის სხვა ნაკადით) საჰაერო ჭრილებს გაუსუფთავებთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებ მტვერს შეიწოვს გაგრილების სისტემაში.
ე) არ შეიძლება ჩართული (ან ჯერ კიდევ ცხელი) PS5-ის სველი ტილოთი ან ხელსახოცით გაწმენდა. თბილი ზედაპირიდან აორთქლებული სითხე იწვევს PS5-ის დაზიანებას. ჰაერის ნაკადს შესდევს ორთქლი გაგრილების სისტემაში და დროთა განმავლობაში იწვევს ჟანგვას. ასევე კონდენსატისგან წარმოქმნილმა წვეთმა შეიძლება დააზიანოს დედაპლატა.
იგივე მიზეზით არ შეიძლება PS5-ის გვერდით ჰაერის დამატენიანებლის დადგმა.
P.S. სერვის ცენტრი გირჩევთ თანხის დაზოგვის მიზნით ნუ დასთანხმდებით სანახევრო სერვისის ჩატარებას, ამან შეიძლება თქვენს PS5-ს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.